Tuesday, May 12, 2015

ფასმანდუკი

სამკურნალო მცენარეები-ფასმანდუკი (achillea millefolium l.)

afasmandukh_po_009675
ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი. ღერო დაუტოტველია, სიმაღლით 20-40 სმ, მცირეფოთლიანი შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო, კეწრულ ნაწილში თავდება მსხვილი რთული ყვავილედით — ფარით.
ფარის წვრილ ტოტებზე სხედან პატარა ყვავილედები — კალათები. კალათები მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ენისებრი ყვავილით და კალათის შუაში მოთავსებული რამდენიმე მილისებრი, ასევე თეთრი, ყვავილით, გარედან კალათას აქვს კრამიტისებურად განლაგებული საფარველი, რომელიც შედგება წაგრძელებული, მომწვანო, კიდეებში სიფრიფანა ფოთლებისაგან.
მცენარე სურნელოვანია. ყვავის ივნისიდან ოქტომბრამდე. ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ქართლ-კახეთსა და ფშავი მას მელაკუდასა და მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში – ციცისკუდას, მთიულეთში – მელაგუნდას, თუშეთში – წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში – კრავისკუდას.
იგი ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად. ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს — ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ჭრიან ღეროს 15 სმ-ის სიმაღლეზე.
ყვავილების შეგროვების დროს კრეფენ კალათებს ან ფარებს 2 სმ სიგრძეზე. ნედლეულს ჭრიან დანით ან ნამგლით, აწყობენ თხელ ფენად და აშრობენ ჩრდილში. მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ბალახის შენახვის ვადა 2 წელია, ხოლო ყვავილებისა 5 წელი.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8%-მდე ეთერზეთს (მთავარი კომპონენტია აზულენი), მწარე ნივთიერებებს, ვიტამინ K-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, ალკალოიდ ახილენს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად.
ბალახის ნაყენს ხმარობენ თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენს – კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს. მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური.
დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წთ. შემდეგ გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა. კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.
afasmandukh_po_009672

Sunday, May 10, 2015

 დელფინი.




დელფინები (Delphininae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 1,2-3 მ, ზოგი სახეობისა – 10 -მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე. წ. “ნისკარტს”, კბილების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად მახვილი სმენა (აღიქვამენ რამდენიმე ათეული ჰც-დან 150-196 კჰც-მდე რხევებს) დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო (საექოლოკაციო) ორგანო, რომელიც მოტავსებულია ერტადერთ ნესტოში. მასთან არის დაკავშირებული კუნთოვანი სისტემით აღჭურვილი სამი წყვილი საჰაერო პარკი. სიგნალების გამოსხივების სიხშირე 170 კჰც აღწევს. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა: დიდი ზომის სფერული თავის ტვინი, ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები, რომელთა ქერქი 30 მლტდ-მდე ნერვულ უჯრედს შეიცავს. დიდი ზომის თავის ტვინი საშუალებას აძლევს გადაამუშაონ დიდი რაოდენობის აკუსტიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია. 



თუთიყუშების მსგავსად, მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად ჰყავთ დელფინარიუმებსა და ოკეანარიუმებში. ისინი ადვილად იწვრთნებიან. ამჟამად იკვლევენ დელფინების ზოგი სახეობის მოშინაურების შესაძლებლობას.




ზოგი სახეობა (მაგ., ცელნამგალა ვეშაპი) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა ბიონიკისათვის. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).

ნაფოტა

ნაფოტა

ნაფოტა (Rutilus rutilus,Плотва).
ნაფოტა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია,გავრცელებულია ევროპაში, არსებობს მისი სხვადასხვასახეობა.  გვხვდება ასევე ინგლისში , პირინეებში , ციმბირის მდინარეებსა და ტბებში , კასპიისა და არალის აუზებში.

მუცლის ნაწილი არის ვერცხლისფერი ხოლო ზურგის ნაწილი კი ოდნავ მუქი.
ტიპი: ქორდიანები  
კლასი: სხივფარფლიანი თევზები  
რიგი:  კობრისნაირნი 
ოჯახი: კობრისებრნი 
გვარი: ნაფოტა 

რაც შეეხება ფარფლებს მას ქვევითა,უკანა და გვერდითა ფარფლები ნარინჯისფერი შეფერილობის აქვს. ზევითა კი მოლურჯო. სხეული შეიძლება ჰქონდეს მომწვანო,მოლურჯო თვალები ნარინჯისფერი ან წითელი.აქვს მსხვილი, სქელი ქერცლი.
იზრდება 30 35 სმ. მაქსიმალური,  წონა 1კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 25 სმ. წონა კი 400 600 გრამი. ბინადრობს და ქვირითს ყრის წყალმცენარიან მდინარეებში სადაც ნელი დინებაა, ან ტბებში. ქვირითობს მარტ აპრილში, ამ სახეობის თევზები მდინარეებში უფრო პატარა ზომის არიან. გვარში 10 ამდე სახეობაა, აქედან საქართველოში გვხვდება 3: ნაფოტა, მორევის ნაფოტა და მტკვრის ნაფოტა (ქვესახეობა). ნაფოტა და მორევის ნაფოტა საქართველოში გვხვდება : რიონში, ტეხურაში, ენგურში, ხობში, ბებესირის და პალიასტომის ტბაში. მტკვრის ნაფოტა გვხვდება : მტკვარში, ხრამში, ალაზანში, თბილისის ზღვაში და ჯანდარის ტბაში .



მაგრამ ხანდახან ნაფოტას ვერ ანსხვავებენ ფარფლწიტელასგან. განსხვავებისათვის უნდა დავაკვირდეთ ფერს და ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობას :
 1) თვალის ფერით ფარფლწითელას ნარინჯისფერი აქვს , ნაფოტას კი სისხლისფერი წითელი.
 2)ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობით ფარფლწითელას 8 9 აქვს, ნაფოტას კი 10 12. ცნობილია რომ იგი ბინადრობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარისქვემო დინებაში, ტბებსა და არხებში.

არხებში ნაფოტას ჯგუფები ცურავენ ერთად დაახლოებით 5 დან 20 - მდე. ისინი ჩერდებიან მცენარეებთან , ბუჩქებთან, კამიშებთან , რადგან სწორედ აქ ხვდებათ მათ დენიბის შედეგად მოტანილი საკვები.
თევზაობენ დაახლოებით 10მ რადიუსში. თევაზობენ როგორც მოსაქნევი ანკესით ასევე სპინიგით . ეს სახეობა უმეტესად გვხვდებაჯანდარის ტბაში. ანკესი მაქსიმუმ 5მ, ძუა 0.12 0.18 მმ. 0.12მმ ზე წვრილი ძუა აუცილებლად გაწყდება , რადგან დიდი შესაძლებლობაა მისი კამიშზე ან წყალმცენარეზე გამოდების შემთხვევაში გაწყვეტა.
სატყუარად გამოვიყენოთ : თეთერი ჭია , წითელი ჭია და მანის თქვეფილი. აუცილებლად თან ვიქონიოთ დამატებითი საკვები (პადკორმკა).

თეთრი ამური

თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella, Белый амур)
თეთრი ამური კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია გავრცელენულია: ჩინეთის მდინარეებში,
ამურის აუზებში, ჩრდილოეთ რუსეთში, უკრაინაში, აშშ, კაზახსტანი( მდინარე ''ილი'' ,
ტბა ''ბალხაში''.) , და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში.



ტიპი:
ქორდიანები
კლასი:
ძვლიანი თევზები
რიგი:
კობრისნაირნი
ოჯახი:
კობრისებრთა
გვარი:
ამური
სახეობა:
თეთრი ამური
თეთრ ამურს აქვს გრძელი სხეული, გასდევს მუქი ზოლები მთელ სხეულზე,სხეული დაფარულია
სქელი ქერცლით. რაც შეეხება ერს მას მუცელი ღია შეფერილობის აქვს, ზურგი კი მუქი. ზურგის
და უკანა ფარფლები მუქი ფერის აქვს . მუცლის , წინა და გვერდითა კი უფრო ღია.
მაქსიმალური სიგრძე 135 სმ. წონა 34 კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 90-120 სმ. წონა კი 16-32კგ.
ტოფობს ივნისი-ივლისი , ქვირით ყრის მტკნარ წყალში ან მდინარეებში ნელი დინებით.
ყრის 1 მილიონამდე ქვირითს , წყლის დონის მკვეთრად ვარდნისას ან ძლიერი ყინვისას
იგი წყვეთს ქვირითის დადებას ან ყრის სანახევროდ.
უმეტესად ბინადროვს : წყალსატევებში და არხებში .
მოზარდ ამურს იყენებენ ჩინეთში ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად,
ვინაიდან ამური წყალმცენარეებით იკვებება. ასევე ამურს ხშირად შევხვდებით, არხებში ან
წყალსატევებში სადაც გრძელი წყალმცენარეებია.
როდესაც ამური თავისი სიცოცხლის ნახევარს მიაღწევს,ანუ 9-10 წლის ასაკში ის დაახლოებით
68-75სმ და 18კგ-ა.
ამურთა ჯგუფები ზამთარს ერთად ატარებენ ჩაღრმავებულ ადგილებში.
იგი აქტიურია მაისი-ოქტომბერი, უნდა მოვძებნოთ წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებში,
როგორც ზემოთ ვახსენე. ასევე შეიძლება მისი მოშენება.
თევზაობისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ამური მებრძოლი თევზია და ადვილად წყევტს
წვრილ ძუას.
ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში.
გვხვდება კუმისის და ბაზალეთის ტბებში.
თეთრ ამურზე თევზაობენ როგოც ანკესით,და სპინიგით ასევე ფსკერული მეთოდით.
სატყუარად იყენებენ წლამცენარეებს და მცენარეულ ინგრედიენტებს,რადგან ამური
წყალმცენარეებით იკვებება მას ხშირად (ვეგეტარიანელ თევზს) უწოდებენ.

თეთრულა(თაღლითა)


თაღლითა(თეთრულა,Укле́йка,Alburnus)
თაღლითა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.გავრცელებულია ევროპაში,
კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში
გვხვდება ორი სახის მტკვრის თაღლითა და თეთრულა.

სამეფო : ცხოველები

ტიპი : ქორდიანები
რიგი : კობრისნაირები
ოჯახი : კობრისებრთა
სახეობა : თაღლითა
აღწერილობა :
ზურგი მუქი აქვს ნაცრისფერ-ლურჯი მწვანე ზოლებით,მუცლის და
გვერდის ნაწილები ვერცხლისფერი, კუდიც მუქი აქვს მუცლის
ფარფლები კი მოყვითალო.
აღწევს 20 სმ, საშუალოდ 12-15სმ ,ყველაზე დიდი 25 სმ.
წონა 60 გრ, ყველაზე მეტი 80-100გრ.
კონკრეტულად ბინდარობს : აზოვის ზღვაში, ბალტიის, შავი ზღვის, მდინარის
ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროებზე.
ბინადრობს მდინარეებში და ტბებში : წყლის ზედა ფენებში,იკვებება პატარა
მწერებით, მცენარეებით და პლანქტონებით.
განსაკუთრებული კომერციული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამოიყენება
სატყუარად სხვა უფრო დიდი მტაცებელი თევზების დასაჭერად.
ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა მდინარის შუა და ქვემო დინებაში,
ტბებსა და წყალსაცავებში.

ხოხობი

ხოხობი 
მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

იმ სახეობათა დასაცავად და გადასარჩენად რომლებიც გადაშენების პირასაა მისული საჭიროა შეიქმნას ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები. საჭიროა გამკაცრდეს ცხოველთა დაცვისაკენ მიმართული კანონები. პირველ რიგში საჭიროა ადამიანები მიხვდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველთა დაცვა და გადარჩენა ჩვენთვის.

ქურციკი

  ქურციკი

საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი.

არჩვი

 არჩვი

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდ. ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, კურდღელი, ციყვი, კავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი და სხვ.

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.

ონტოკოფა

სამკურნალო მცენარეები-ონტოკოფა (Physalis Alkekengi L-физалис обыкновенный)

ontokofa-_Physalis_alkekengi_299877
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ონტკოფას აჭარაში სატკაჩუნას ეძახიან, რაჭა-ლეჩხუმში ბაბუშტელას, გურიაში კატაყვერას. მრავალწლიანი ფესვურიანი მცენარეა, 20-100 სმ სიმაღლის სწორმდგომი მარტივი (ზოგჯერ კენწრულ ნაწილში სუსტად დატოტვილი) ღეროთი.
ღეროზე მორიგეობით, მაგრამ წყვილ-წყვილად განლაგებული, საკმაოდ გრძელყუნწიანი, წაგრძელებულ-კვერცხისებრი, იშვიათად რომბულ-კვერცხისებრი, ბოლოში გრძლადწაწვეტილი ფოთლების კიდეები ოდნავ ამოკვეთილია, რაც ნაკლებად შეიმჩნევა, ამიტომ ფოთლები კიდემთლიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ყვავილები სათითაოდაა გაბნეული მთელს ღეროზე ფოთლების იღლიებში. ყვავილის ჯამი ზარის მაგვარია, რომელიც დაყვავილების შემდეგ თვალსაჩინოდ იზრდება და ბუშტივით იბერება. ყვავილის გვირგვინი თეთრი და ბორბლისებრი მოყვანილობისაა, ხუთკუთხა კონტურით.
ბურთივით მრგვალი, 1,2-2,0 სმ სიგრძის ნარინჯისფერ-წითელი კაშკაშა წითელი ბუშტივით გაბერილ ჯამში ჩამალული ნაყოფი წვნიანი კენკრაა, რომელიც თირკმლისებრ მრავალრიცხოვან მოთეთრო თესლებს შეიცავს. ყვავის მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.
იზრდება გამეჩხრილ ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ხევებში, ბაღებსა და ღობისძირებში.
ონტკოფას ნაყოფი უვნებელი და საკვებად ვარგისია, შეიცავს შაქარს, ლიმონის მჟავას, C ვიტამინს, ცხიმს, კაროტინს, სულ მცირე რაოდენობით ალკალოიდებს. აბრეშუმის ქსოვილს ღებავს ყვითლად და ნარინჯისფრად, სათანადო კომპონენტის დამატებისას წითლადაც.
ონტკოფას ნედლი ფოთლის წვენს ქართული ხალხური მედიცინა ოდითგანვე ჭიის დამდენ და წყურვილის მოსაკლავ საშუალებად იყენებდა. 
ბულგარეთის მედიცინაში ონტკოფას ნაყოფები რეკომენდებულია როგორც შარდდამდენი საშუალება თირკმლების და საშრდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებისას, სასქესო ორგანოების ჩირქოვანი ანთების, წყალმანკის, ნიკრისის ქარისა და სახსრების რევმატიზმის სამკურნალოდ.
ნაყოფებს ნახარშის სახით იყენებენ: 15-30 გ ხმელი ნაყოფი 0,5 ლ წყალზე (2 დღის დოზა, რომელსაც ყლუპ-ყლუპობით სვამენ), ან ჭამენ 10-15 ნედლ მწიფე ნაყოფს ერთი დღის განმავლობაში, ან კიდევ ყოველდღე ოც-ოც გრამ ნედლი მწიფე ნაყოფისაგან გამოწურულ წვენს სვამენ.
ონტკოფას წითელი ბუშტივით გაბერილი ყვავილის ჯამი შხამიანია, ამიტომ არ უნდა შეგვცდეს და ყვავილის ჯამი არ უნდა გამოვიყენოთ. (დ. იორდანოვი, პ. ნიკოლოვი, ა. ბოიჩანოვი)
ontokofa-_Physalis_alkekengi_299875

შქერი

სამკურნალო მცენარეები-შქერი (Rhododendron Ponticum L)

shqeri_agro_74442
მანანასებრთა ოჯახიდანაა. მარადმწვანე ბუჩქი ან დაბალი 3-6 (8) მ სიმაღლის ხეა მოყავისფრო ქერქით, ყლორტები მწვანე ქერქიანია. 9-27 სმ სიგრძის, 4-7 სმ სიგანის, ბოლოწვეტიანი, ფუძეშევიწროებული, წაგრძელებულ-ელიფსური, სქელი ტყავისებრი, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბაცი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განწყობილი.
მოწითალო-სოსანი ყვავილები, ტოტების დაბოლოებებზე ქოლგისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი.
ხუთსაგდულიანი, შეუბუსავი, ცილინდრული კოლოფა ნაყოფის სიგრძე 1,5 სმ-მდე აღწევს, 1000 ცალი თესლის წონა 0,8 გრამია. ყვავის აპრილ-მაისში, მაღალ მთებში კი ივნის-ივლისში.
მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და გადაწვენით. ტიპიური მეზოფიტია, კარგად იზრდება ნესტიან, ნოყიერ ნიადაგებზე. მართალია, ნორმალურად შედარებით თბილ ზონაში იზრდება, მაგრამ აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში არცთუ იშვიათად კარგად შეკრულ რაყებს ქმნის ზღვის დონიდან 2200 მეტრამდე სიმაღლეზე.
სამედიცინო პრაქტიკაში შქერის ფოთლები გამოიყენება. მისი ნაყენი და ფოთლისგან მიღებული ახალგალეონური პრეპარატი გულზე ფუტკარას ჯგუფის გლიკოზიდებისებურად მოქმედებს, ადიდებს გულის კუმშვის ძალას და გულის რიტმს ანელებს.
აღგზნებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწყნარებს, ამასთან ბაქტერიოციდური თვისებაც გაჩნია. ხალხური მედიცინა ფოთლებს რევმატიზმის, ნიკრისის ქარის დროს და საგულე და შარდმდენ საშუალებად იყენებს. 
shqeri_agro_74443

უცუნა ლამაზი

სამკურნალო მცენარეები-უცუნა ლამაზი (Colchicum speciosum Stev.)

ucuna_lamazi_0003987770900931
უცუნა ლამაზი-შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. იგი ფრიად უცნაური მცენარეა, ნაყოფი გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე მწვანე ფოთლებთან ერთად, ყვავის შემოდგომით. უცუნა ლამაზად მოყვავილე ტუბერბოლქვიანი მცენარეა. ტუბერბოლქვი წაგრძელებული და ცალ მხარეს ამობურცულია. მის მოპირისპირე მხარეს კი შებრტყელებულია, სიგრძით 7, სიგანით კი 3 სმ-ია, დაფარულია მუქმოყვავისფრო ვაგინებით, რომელნიც წვერისაკენ მილადაა წაგრძელებული.
მოკლე ღეროზე 3-4 შიშველი, ხორცოვანი, მბრწყინავი, წაგრძელებული-ლანცეტა ფოთლები სიგრძით 25-40 სმ, სიგანით კი 2-4 სმ., ერთი ტუბერბოლქვიდან 1-3, მოვარდისფრო ყვავილი ამოდის. ყვავილსაფარის მილი სამწიბოიანია, 20-25 სმ სიგრძის, რომელიც მიწის პირიდან 8-10 სმ-ით ამოდის მაღლა.
ყვავილსაფარის გვირგვინის ფურცლისებრი ნაწილები ბლაგველიფსურია, შიგნითა მხარეს ბუსუსებით. ბუტკო სამნასკვიანია, რომელიც ყვავილსაფარის მილის მიწისქვეშა ნაწილშია ჩამალული. წაგრძელებულ-კვერცხისებრი წვეტით დაბოლოებული სამად გამოყოფილი ნაყოფი კოლოფაა. თესლი მუქი-მოყავისფროა, თითქმის მრგვალი, ხორცოვანი თანათესლით.
ყვავის აგვისტო-სექტემბერში, როგორც უკვე თქვი, ყვავილობისას მცენარეს ღერო და ფოთლები არა აქვს. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა. განაყოფიერებული ნასკვი მიწისქვეშ იზამთრებს. მეორე წელს კოლოფა ნაყოფი ფოთლებთან ერთად მიწის ზედაპირზე ამოდის. თესლი ივნისში მწიფდება და უცუნას მიწისზედა ნაწილები ხმება. ამ დროს ხდება ახალი დედა ტუბერბოლქვის განვათარება და ძველი დედა ტუბერბოლქვის კვდომა.
აქ განხილული უცუნა და მასთან ახლო მდგომი C. autumnale L. საკმაოდ ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეებია, გავრცელებულია, ზღვის დონიდან 150-3000 მ სიმაღლის ფარგლებში. გვხვდება წაბლნარ, წიფლნარ და წიფლნარ-რცხილნარ ტყეებსა და ალპურ საძოვრებზეც. ხშირად სუბალპურ ტყეებში. სინათლის მომთხოვნია და ტენით უზრუნველყოფილი, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებზე იზრდება. ვერ უძლებს მდგარი წყლით დაჭაობებას.
ტუბერბოლქვების მოსავალი ტყეში 20-40 ც/ჰა აღწევს, სუბალპებში კი 25 ც/ჰა არ აღემატება. უცუნამ ჯერ კიდევ ფიტოქიმიის განთიადზე მიიქცია მკვლევართა ყურადღება. პელტემ და კავენუსმა უცუნას ტუბერბოლქვიდან 1829 წელს სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოჰყვეს ყვითელი ამორფული ნივთიერება ალკალოიდის თვისებით და შეცდომით იმ დროს უკვე ცნობილ ალკალოიდად ვერატრინად მიიჩნიეს.
13 წლის შემდეგ გერმანელმა მეცნიერმა ჰეიგერმა გაიმეორა უცუნას გამოკვლევა, გამოჰყო მისგან ალკალოიდისმაგვარი ნივთიერება და დაამტკიცა, რომ იგი ვერატრინი არაა. ამის დადგენა არც თუ ძნელი იყო, ვინაიდან ვერატრინს გააჩნია თვისება, რომ შეუკავებელი ცხვირცემინება გამოიწვიოს, ეს თვისება სრულიადაც არ გააჩნდა უცუნასაგან გამოყიფილ ნივთიერებას.
ჰეიგერმა ამ ახალ ნივთიერებას კოლხიცინი უწოდა. მაგრამ მხოლოდ 1856 წელს იქნა მიღებული უცუნას ნამდვილი ალკალოიდი, რომელსაც ძველი სახელწოდება შეუნარჩუნეს. გამოირკვა, რომ ჰეიგერმა თავის დროს მიიღო არა ალკალოიდი, არამედ მისი დაშლის ერთ-ერთი პროდუქტი — კოლხიცინი. კოლხიცინი მეტად შხამიანი გამოდგა.
სამედიცინო პრაქტიკაში მისი გამოყენება 1853 წლიდან დაიწყეს რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. 1866 წელს ავსტრიელმა ექიმმა შკოდამ ერთ-ერთ თავის ლექციაზე განაცხადა, «სახსრის რევმატიზმის წინააღმდეგ ჩვენ არ ვიცით უკეთესი საშუალება, ვიდრე კოლხიცინია». ბევრი ევროპული ქვეყნის ფარმაკოპეაში კოლხიცინი დღესაც შემორჩენილია. ამჟამად იგი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში შედის, როგორც ნიკრისის ქარისა და სხვა დაავადების სამკურნალო.
გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, კოლხიცინს სხვა გამოყენებაც აქვს, რაც მის მეტად საინტერესო იმ თვისებაზეა დამყარებული, რომ გაყოფის პროცესში მყოფ მცენარეულ უჯრედთან კონტაქტის შემთხვევაში იწვევს პოლიპლოიდის მოვლენას.
პოლიპლოიდურ უჯრედებში იზრდება უმნიშვნელოვანესი მემკვიდრელი აპარატის — ქრომოსომთა რიცხვი. 1937 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ეიგსტმა, ბლეკსლიმ და აივერმა აღმოაჩინეს, რომ კოლხიცინით დამუშავებული თესლისაგან პოლიპლოიდური მცენარე ვითარდება. ამით სელექციონერებმა მიიღეს მეტად მარტივი და მყარი მეთოდი მცენარეთა პოლიპლოიდური ფორმების მისაღებად. უცუნა ფრიად ეფექტურია მავნე მწერების წინააღმდეგ. 
ყურადღება! უცუნა ლამაზი ძლიერ შხამიანი მცენარეა!
ucuna_lamazi_0003987770900933

ტილჭირი

სამკურნალო მცენარეები-ტილჭირი (Aconnitum Nasutum Fisch)

152862_aconitum_tilw_10934
ბაიასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, მომრგვალო ტუბერებიანი ბალახია. მისი საკმაოდ ლურჯი ან მუქი იისფერი ყვავილები აღმამდგომ კენწრულ ყვავილებადაა შეკრებილი. ყვავილსაფარი 5 ფოთლისაგან შედგება, რომელთაგან სულ ზედა მუზარადისებურადაა ჩამოფარებული და ირიბად ძირს დახრილი ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი კარგად გამოსახული ნისკარტითაა დაბოლოებული.

ტილჭირი საერთოდ შეუბუსავი მცენარეა, მაგრამ ზოგ ეგზემპლარს ყვავილედის მოკლე ბეწვით შებუსვა ემჩნევა. ნაყოფი 3 ფოთლურისაგან შედგება, რომელიც უფრო ხშირად შიშველია, ზოგ ეგზემპლარს ფოთლურების ურთიერთ შერწყმის გამომსახველი ნაკერის შებუსვა ემჩნევა.
ტილჭირის სიმაღლე 50-120 სმ ფარგნლებში მერყეობს; ღეროს ზედა ნაწილი ხშირად დატოტვილია. საკმაოდ გრძელყუნწიანი, 5 სეგმენტად თათისებრ დაყოფილი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, სეგმენტი განიერ ლანცეტისებრია და შორშორს ღრმადაა დაკბილული.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, გავრცელებულია საქართველოში თითქმის ყველგან. უმთავრესად გვხვდება სუბალპური სარტყლის ტენიან წიწვოვან ტყეებსა და შამბნარებში. ტყეში უმთავრესად ნაკადულების პირას იზრდება.
მუქი ლურჯი, მუზარადისებრი, მსხვილი ყვავილებით და ორიგინალური ფორმის ფოთლებით ტილჭირი ლამაზი შესახედაობისაა და კარგია დაჩრდილული ადგილების გასამშვენიერებლად. აღსანიშნავია ამ მცენარის ძლიერი შხამიანობა. შხამკალოიდებს ყველაზე მეტად ტუბერები შეიცავს. ალკალოიდ აკონიტინის შემცველობა მათში 1,8%-მდე აღწევს.
მთლიანად მცენარე ძლიერი შხამიანობით ყვავილობის ფაზაში გამოირჩევა. მომწამვლელი თვისებით ფრიად საშიშია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანებისათვისაც. ამ მცენარით მოწამვლის უშუალო შედეგია მთელი ორგანიზმის დაჩირქებული დამბლა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება. შხამინია როგორც ნედლი, ასევე გამხმარიც, მისი 300-400 გ ნედლი ფესვი სასიკვდილო დოზაა ცხენისათვის. საქონელი ეცემა მცენარის მიღებიდან 14 საათის განმავალობაში.
სპეციალური ცდებით დადგენილია, რომ 14-16 გ ტილჭირი საკმაოა თხის მოსაკლავად. ამ ბალახით მოწამლული საქონლის ხორციც მოშხამული და საჭმელად უვარგისია. ტილჭირს საქონელი საერთოდ არ ეტანება, მაგრამ თუ ტყეში სხვა ბალახი ნაკლებადაა, მოსალოდნელია საქონელმა პირი წაატანოს მას; ძლიერ მცირე დოზით მიღებული ბალახი საქონლის დაცემას არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივ აავადებს მომნელებელი სისტემის მოშლით.
უკიდურესი შხამიანობა ძლიერ ზღუდავს ტილჭირის სამკურნალოდ გამოყენებას. მიუხედავად ამისა ტილჭირის სხვადასხვა სახეობები დიდი სიფრთხილით გამოყენებას მაინც პოულობს მედიცინაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში სამასამდე სახეობაა ცნობილი და მათი უმეტესობა ტოქსიკური თვისებისაა.
ტილჭირი ფართოდ გამოიყენება ჰომეოპატიაში სისხლდენისა და ლორწოვანი გარსების კატარალური დაავადებების დროს.
რუსულ ხალხურ მედიცინაში იგი ცნობილია როგორც გარეგანსახმარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ფრიად ეფექტურად მიიჩნევენ რევმატული ტკივილების საწინააღმდეგოდ. ტუბერების სპირტზე ნაყენით იზელენ რევმატული ტკივილებით შეპყრობილ სახსრებსა და კუნთებს. რამოდენიმე შეზელვის შემდეგ მტკივნეული იარები ჩნდება. ასეთ შემთხვევაში ნაყენის ხმარებს წყვეტენ, მორჩენამდე. შემდეგ კვლავ იმეორებენ შეზელვის პროცედურებსა. მეორედაც მოსალოდნელია მტკივნეული იარების განვითარება. ამ დროსაც აუცილებლად წყვეტენ ნაყენის გამოყენებას, მათ სრულ მორჩენამდე. შემდგომში გაგრძელებული შეზელვის პროცედურებით უკვე მოსალოდნელი აღარაა იარების გაჩენა.
ტიბეტურ მედიცინაში ზოგი სახეობის ტილჭირის ფხვნილის სხვა ბალახებთან შერევით ციმბირის წყლულსა და ფილტვების ანთებას მკურნალობენ. ჩინეთში ტილჭირი პოპულარულია როგორც კიბოსა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებათა შემადგენელი ნაწილი.
ტილჭირის ტუბერების სპირტზე ნაყენი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მწვავე ტკივილების დროს (სამწვერა ნერვის ნევრალგია, რევმატული ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, გაციებით გამოწვეული დაავადებები).  იგი ეფექტურად მოქმედ, მაგრამ საშიშ საშუალებად მიაჩნიათ მაღალი ტოქსიკურობის გამო. მედიკოსთა რეკომენდაციით ტილჭირის სპირტზე ნაყენის თერაპიული დოზებია 0,002-0,003 მგ 2-3-ჯერ დღეში.
გამოიყენება აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით.
ხალხურ მედიცინაში ტილჭირის ფოთლების და ტუბერების წყლით გამონაწვლილი გამოიყენება სველი საფენების სახით რევმატიზმის, იშიასის და ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
ტილჭირის ფხვნილი და ნახარში წარმატებით გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.
152862_aconitum_tilw_10931

ნაღველა ჯვრისებრი

ნაღველა ჯვრისებრი (Gentiana Cruciata L — Горечавка крестообразная)

145677_nagvel_j_0244440987047
ნაღველასებრთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში ნაღველას მრავალი სახეობა იზრდება. ზოგ სხვა სახეობასთან ერთად ტყეებსა და ტყისპირებში უფრო ხშირად დასახელებული სახეობა იზრდება. აჭარაში ასისთავას, ბერძნულ ენდროს და შხამასაც უწოდებენ.
იგი 50-70 სმ სიმაღლის, მრავალწლოვანი მცენარეა, მსხვილი გასქელებული ფესვურით. ფესვის ყელიდან რამდენიმე ღერო ამოდის, თვითოეული მათგანი კი მარტივი ანუ დაუტოტავია და უხვადაა შეფოთლილი. ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული. მათი სიგრძე 3-6 სმ-ია, ფოთოლს 3-5 ძარღვი გასდევს. ფირფიტა უყუნწოა, ღეროზე მჯდომი, კვერცხისმაგვარი, ლანცეტის მოყვანილობისა, წვერისაკენ შევიწროებული, ფუძეები ერთმანეთთანაა შეზრდილი.
ცისფერი ყვავილები ოთხწევრიანია და ღეროს ზედა ნაწილის ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული. ყვავის ივნის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში, ტყისპირებზე, ნატყევარ მდელოებზე და ბუჩქნარებში, მთაში ალპურ ზონამდე ადის.
მედიცინაში ნაღველას ფესურა ფესვები გამოიყენება საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას ახილიისა და დისპეპსიური მოვლენებით, მადისმომგვრელ საშუალებად. მისი პრეპარატები ზრდის საჭმლის გამაღიზიანებლისადმი მგრძნობელობას, რის მეოხებითაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციისა და მოტორული ფუნქციის სტიმულირება ხდება, მათ ნაღვლის დენის გაძლიერების თვისებაც გააჩნიათ.
ნაღველას ხალხური მედიცინა უფრო ფართოდ იყენებს. ხალხი ნაღველას სახეობებს დიდ ყურადღებას აქცევს, იყენებს იმ სახეობას, რომელიც საცხოვრებელ რაიონში მოიპოვება. 
ფესვებისა და ფესურის ნახარში (15-20 გ 1 ლ წყალზე) გამოიყენება საჭმლის ცუდად მონელების შემთხვევაში, კუჭშეკრულობის, უმადობის, ფერმკრთალობის, უძლურობის, ნიკრისის ქარის, არტრიტის (სახსრების ანთებადი დაავადების), და გარეგნულად — ჩირქოვანი ჭრილობების დროს.
ხალხი უფრო ეფექტურად მიიჩნევს ნაღველას ფესვ-ფესურის მაგარ ღვინოზე ნაყენს, რომელსაც დღეში 2-3 სირჩას იღებენ (ერთი სირჩა დაახლოებით 30-40 გ).
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ბერვის, გულწვისა და კუჭშეკრულობის დროს იღებენ ნაღველას ფევს-ფესურის პორტვეინზე ნაყენს (შეიძლება მისი შეცვლა მაგარ ღვინოზე ნაყენით). საამისოდ იღებენ ათ-ათ გრამ შემდეგ ნედლეულს: ნაღველას ფესვ-ფესურას, ფორთოხლის ნაყოფის ქერქს, კოთხოჯის სურას, კრაზანას, ასფურცელას ყვავილებს, კატაბალახას ფესვებს, ბერულას. მთელ ამ ნარევს 1 ლ წყალს ასხამენ და ფანჯარასთან 21 დღეს დგამენ, ისე რომ ფანჯარაში შემოსული მზის სხივები ნარევიან ჭურჭელს ხვდებოდეს (ჭურჭელი, ჩვეულებრივ, მინისა უნდა იყოს). ამის შემდეგ წურავენ და სვამენ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზს და ამდენსავე საღამოთი ძილის წინ.
გარეგან სახმარად ნაღველას ფესვ-ფესურას შემდეგ შემთხვევებში იყენებენ:
1. ნაღველას ფესურისა და სააფთიაქო გვირილას ყვავილის თანაბარი რაოდენობით ფხვნილს ჩირქოვან ჭრილობებზე აყრიან.
2. ნაღველას ფესურისა და მუხის ქერქის მაგარი ნახარშით (ცხელ მდგომარეობაში) ძილის წინ ფეხების დათბილვა სასარგებლოა, ფეხების ოფლიანობის წინააღმდეგ ხალხური საშუალებაა. ნახარშის კომპონენტთა რაოდენობა — 3 ნაწილი მუხის ქერქი და 1 ნაწილი ნაღველას ფესურა.
ნაღველა ეფექტური გამოდგა შემდეგ შემთხვევებში:
1. თვით ყველაზე მყარი გულწვაც (გულის რუჯვა) გაივლის ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ სადილობის წინ ყოველდღე მივიღებთ სირჩა ღვინოს, რომელშიდაც 21 დღის განმავლობაში ჩაყრილი იყო წვრილად დაჭრილი ნაღველას ფესვები და ფესურები.
2. ნიკრისის ქარის დროს კარგად მოქმედებს ნახარში: 3 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ნაღველას ფესვებსა და ფესურას 3 ჭიქა ცივ წყალს ასხამენ და 7-10 წუთს ხარშავენ. მთელ ამ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ.
3. კუჭის კატარის დროს სვამენ ნახარშს: თითო ჩაის კოვზი თავდადგმით სავსე წვრილად დაჭრილი ნაღველას მიწისქვეშა ნაწილები, ფარსმანდუკი და ასისთავა — 3 ჭიქა წყალზე. ადუღებენ 10 წუთს, მთელ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ. მკურნალობის პერიოდში იცავენ დიეტას. ამავე ნახარშს ურჩევენ უმადობისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების, დროს, აგრეთვე გაუფერულებულ-დასუსტებულ ქალიშვილებს.
ნაღველა საკმაოდ პოპულარული სამკურნალო ბალახია ბულგარეთის მედიცინაშიც. იქ სამკურნალოდ ამ მცენარის როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ნაწილებს იყენებენ საჭმლის ცუდად მონელების საწინააღმდეგოდ, როცა ავადმყოფობას ახლავს ახილია და დისპეპსია.
145677_nagvel_j_0244440987045

მდგნალი

სამკურნალო მცენარეები-მდგნალი (Salix Caprea L — Ива козья, бредина)

mdgnali_samagr_02020161341015
ტირიფისებრთა ოჯახში შედის. მდგნალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. კახურად — ბატიჭუკა, მთიულურად და ხევსურულად დგნალი და დგნარი, ფშავურად — ფოხვი, აჭარულად — ციცალა, რაჭულად — ძენწნა, მეგრულად — ტუჯვარი, სვანურად — ბაგვრა და სხვა.
მდგნალი 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ან მაღალი ბუჩქი. სუსტად შებუსვილი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროკანიანია. უფრო ხანდაზმული ტოტების ქერქი მურა ან რუხი ფერისაა. კვერცხისებრი ან ელიფსური, 11-12 სმ სიგრძისა და 5-8 სმ სიგანის, კიდეებდაკბილული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბუსუსიანი და ნაცრისფერი, წვერმობრეცილი, თირკმლისებრი წყვილი ფოთოლთანით, ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მდგნალი ერთბინიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით, რომელნიც მჭადა თანაყვავილედებადაა შეკრებილი. მამრობითი მჭადა მჯდომარეა, ძირში პატარა ფოთლებით, მოხაზულობით კვერცხისებრი, 4 სმ-დე სიგრძისა და 2 სმ-დე დიამეტრის. მდედრობითი მჭადა ცილინდრულია 2 სმ-დე სიგრძის, მოკლე ყუნწით, რომლის ძირშიც ყვავილიანი ქერქლებია განვითარებული.
მამრობითი მჭადა ყვითელია, მდედრობითი კი მოთეთრო. ადრე მოყვავილე მცენარეა. ყვავის ფოთლების გაშლამდე მარტ-აპრილში. ახასიათებს ძალიან უხვი თესლმსხმოიარობა. თესლი მაისში მწიფდება. მრავლდება თესლით და ძირკვები უხვ ამონაყარს იძლევა.
მდგნალს მოწითალოგულიანი მერქანი ახასიათებს, მოთეთრო ცილით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგნალის რბილი და მსუბუქი, გულიანი მერქანი ლპობისადმი დიდი წინაღობის თვისებით გამოირჩევა. ეს თვისება ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამიტომაა, რომ რაჭაში, აჭარაში, ზემო ქართლსა და ბევრ სხვა მხარეში მოსახლეობა დიდ უპირატესობას აძლევს მდგნალის ბოძებსა და ჭიგოებს. მდგნალის ბოძის მიწაში ჩაფლული ნაწილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიაც კი არ ლპება.
მდგნალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია «ტირიფის ქერქის» სამრეწველო მიზნებით დამზადების თვალსაზრისით. მისგან პირველხარისხოვან მთრიმლავ ექსტრაქტს იღებენ, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ტყავების გასათრიმლავად და შესაღებად იყენებენ. ტანინის შემცველობა მდგნალის ქერქში საშუალოდ 16,5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მთელ რიგ ადგილებში იგი 21 პროცენტზე მეტია.
მდგნალის მამრობითი მჭადა ყვავილედების სპირტზე 10 პროცენტიანი ნაყენის გავლენა გულზე ისეთივეა, როგორიც ფუტკარას მოქმედება.
მწვანე ნეკერს (ყლორტები ფოთლებით), რომელიც 200 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს, ამზადებენ საქონლის საკვებად.
ნეკერს ზამთარში განსაკუთრებით ეტანება ცხვარი, თხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ეს ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ ზამთარში საქონელს ვიტამინინი საკვები აქვს მდგნალის მწვანე ნეკერის სახით, რაც წველადობას თვალსაჩინოდ ზრდის.
ქართული ხალხური მედიცინა მდგნალის ფოთოლს თირკმლების დაავადების სამკურნალოდ იყენებს.
mdgnali_samagr_02020161341012